კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ 1988 წელს დააარსა კომპოზიტორმა და დირიჟორმა შავლეგ შილაკაძემ კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრის ბაზაზე. 1989-1990 წლებში „თბილისის კონცერტინო“ საქართველოს კულტურის ფონდის ეგიდით ეწეოდა საქმიანობას.
1989 წლის შემოდგომაზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო თელავის პრესტიჟულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „ქება ვაზისა“, რაც ახალშექმნილი ორკესტრის აღიარების დადასტურება იყო.
მნიშვნელოვანი ფურცელი ორკესტრის ბიოგრაფიაში იყო ამავე წელს დაწყებული ურთიერთობა გერმანიასთან, რომელსაც საფუძველი ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ჩაუყარა.
1990-2005 წლებში „თბილისის კონცერტინო“, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშემსრულებლო ანსამბლი, შედიოდა საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებაში, რომლის გენერალური დირექტორი ციური გარუჩავა იყო.
ამჟამად ორკესტრის ძირითადი ბირთვი 12 მუსიკოსისაგან შედგება, მათგან 6 (აგრეთვე ხელმძღვანელები, შავლეგ და გიორგი შილაკაძეები) „თბილისის კონცერტინოს“ წევრები არიან დაარსების დღიდან. სწორედ ამ ორკესტრში მიიღო პროფესიული ნათლობა ბევრმა ახალგაზრდა მუსიკოსმა, რომელიც ახლა წარმატებით მუშაობს საქართველოს და უცხოეთის ორკესტრებსა და ანსამბლებში.
„თბილისის კონცერტინოსთან“ უთანამშრომლიათ ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს. მათ შორის არიან: ლიზა ბათიაშვილი,ოლგა ბალაკლიცი, მიხაელ ბოში ,ედუარდ ბრუნერი, ნატო გაბუნია,ჯულიან გალანტი ,მანანა ეგაძე, ლივიუ ვარკოლი ,ლუდოვიკ არმინ კორა, იური კოჩნევი, ედგარ მანიაკი ,ხუან ხოსე მენა, ვალერი მიხალიუკი, ანდრი ტუჩაპეცი, ჰელმუტ ფრანკე, ეთერ ჯაყელი, ტიმ ჰოუზი და სხვები.
მრავალი წელია ორკესტრის ერთგული და გულუხვი პარტნიორია შვეიცარიული ფონდი „Raum für Kultur“ და მისი პრეზიდენტი ქალბატონი მარინა მილცი.
„თბილისის კონცერტინოს“ 2001 წლიდან საინტერესო შემოქმედებითი პარტნიორული ურთიერთიობა აქვს გერმანული კულტურის ინსტიტუტთან, რასაც საფუძველი ჩაუყარა ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა ილზე იაოანა ჰაინლემ.
თბილისის მუსიკალური ცხოვრებისთვის მნიშველოვანია ორკესტრის თანამშრომლობა აგრეთვე ევანგელიურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიასთან, რაც აწ განსვენებული ეპისკოპოსის, პროფ. დოქტორ გერტ ჰუმელის მხარდაჭერით დაიწყო და დღესაც გრძელდება.
2006 წლის იანვრიდან „თბილისის კონცერტინო“ აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც თავისუფალი საშემსრულებლო ანსამბლი. |