GEO | ENG | DE
 

„თბილისის კონცერტინოს“ რეპერტუარი მოიცავს XVII-XX სს. კომპოზიტორთა მნიშვნელოვან კამერულ-ინსტრუმენტულ და კანტატა-ორატორიული ჟანრის ნაწარმოებებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ბახის “საშობაო ორატორია” და მრავალი კანტატა, ბრანდენბურგის კონცერტები, ჰენდელის “მესია”, შუტცის და ჰაიდნის “ჯვარცმული მაცხოვრის შვიდი სიტყვა”, მოცარტის “რეკვიემი”, შონბერგის “გასხივოსნებული ღამე”, სტრავინსკის კონცერტი in D, ბარტოკის დივერტისმენტი, ლუტოსლავსკის “სამგლოვიარო მუსიკა”, ჰაიდნის, მოცარტის, შუბერტის სიმფონიები, ინსტრუმენტული კონცერტები, სიმებიანი ორკესტრისათვის ადაპტირებული ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრამსის, მალერის, შოსტაკოვიჩის, ელგარის, შტრაუსის, სიბელიუსის, შმიდტის და სხვათა ნაწარმოებები, აგრეთვე ქართული მუსიკა. ბევრი ნაწარმოები აჟღერდა საქართველოში პირველად სწორედ “თბილისის კონცერტინოს” შესრულებით.

ორკესტრს დაარსების დღიდან ჩატარებული აქვს 400-მდე კონცერტი საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის, გერმანიაში (1990, 1991, 1993, 1995, 1996, 1997), ესპანეთში (1993 წლის მარტში და ოქტომბერ-ნოემბერში), შვეიცარიაში (1996, 1997), დიდ ბრიტანეთში (1998).

მნიშვნელოვანი იყო 1989 წელს “თბილისის კონცერტინოს” მონაწილეობა თელავის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალში “ქება ვაზისა”, რომლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა გერმანიის სხვადასხვა მხარის ქალაქებთან, რაც 1990 წელს ცნობილი კინორეჟისორის ნანა ჯორჯაძის ხელშეწყობით დაიწყო. საინტერესო კონცერტები ჩატარდა ბადენ-ვიურტემბერგის, ბავარიის, ბრანდენბურგის მხარეში. ამ გასტროლების მოწყობაში დიდი წვლილი შეიტანეს “თბილისის კონცერტინოს” პარტნიორებმა, დიტრამსცელის ბიურგერმაისტერმა ბენო ლიჰტენეგერმა, ინტერკონტინენტური კონტაქტების საზოგადოების თავმჯდომარემ დოქტორმა ფრიდრიჰ ფოგელმა, პროექტის ხელმძღვანელმა ერნსტ ჰერცოგმა, ანდრეას ეკერტმა, პეტერ მარქსმა და სხვებმა. გერმანიაში ორკესტრი გამოდიოდა ფილინგენში, ლარში, რადოლფცელში, ბიბერახში, ბად ტოლცში, პოცდამში, გუბენში და სხვა ქალაქებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თბილისის კონცერტინოს“ მონაწილეობა გერმანულ-სამხრეთკავკასიურ პროექტში, რომელიც ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ინიციატივით განხორციელდა. სამხრეთკავკასიურმა ორკესტრმა 1995 წელს კონცერტები გამართა გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარეში, მათ შორის ბერლინის ფილარმონიის კამერულ დარბაზში.

“თბილისის კონცერტინომ” ორი ხანგრძლივი ტურნე ჩაატარა ესპანეთში 1993 წლის მარტში და ოქტომბერ-ნოემბერში, რომელიც მოაწყო ევროპაკანტატის საბჭოს წევრმა ხავიერ კამენომ. ამ პროექტის ფარგლებში ორკესტრმა ჩაატარა 150-ზე მეტი საგანმანათლებლო და აკადემიური კონცერტი სარაგოსაში, ვიტორიაში, ბურგოსში, სამორაში, სიუდად როდრიგოში, სალვატიერაში და სხვა ქალაქებში.

1996-1997 წლებში “თბილისის კონცერტინომ იმოგზაურა შვეიცარიაში. კონცერტები გაიმართა ზირნახში, ბოსვილში, რომანსჰორნში, ტალვილში. ამ კონცერტების ორგანიზატორი იყო ფონდი “Raum für Kultur” და მისი პრეზიდენტი მარინა მილცი.

ორი უმნიშვნელოვანესი კონცერტი ჩაატარა ორკესტრმა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში - დედოფალ ელისაბედის დარბაზში და ედინბურგში. ამ კონცერტების ორგანიზატორები და სოლისტები იყვნენ პიანისტები ოლგა ბალაკლიცი და ჯულიან გალანტი მოგზაურობის სპონსორი იყო ნიკოლას არდიცონე და Saracen Power plc.

გარდა აკადემიური კონცერტებისა “თბილისის კონცერტინოს” მრავალი საგანმანათლებლო კონცერტი აქვს ჩატარებული, მათ შორის სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. ბევრი მათგანი დღეს აღიარებული შემსრულებელია.

ძალზე მნიშვნელოვანი იყო “თბილისის კონცერტინოს” მონაწილეობა ახალგაზრდული კონკურსების ევროპის ფედერაციის წევრის, საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ღია კონკურსში 1999-2005 წწ. ამ კონკურსებს ატარებდა “ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება” მისი გენერალური დირექტორის ციური გარუჩავას ხელმძღვანელობით.

ორკესტრი სისტემატურად მართავს კონცერტებს თბილისის საუკეთესო დარბაზებში, აგრეთვე ევანგელიურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში, სადაც გარდა ცალკეული საორკესტრო პროგრამებისა, დიდი ადგილი ეთმობა საზეიმო საშობაო და სააღდგომო კონცერტებს სოლისტების და გუნდის მონაწილეობით. ამ პროგრამებში “თბილისის კონცერტინოსთან” სისტემატურად თანამშრომლობს კამერული გუნდი პროფ. გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით, მომღერლები: ნინო ჩაჩუა, ნინო დოლენჯაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თამაზ საგინაძე, ზაზა ხელაია, სოფი გორდელაძე, გია მახარაძე და სხვები.

“თბილისის კონცერტინოს” და თბილისის გერმანული კულტურის ინსტიტუტის (Goethe-Institut Tbilissi) პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველზე არაერთი კონცერტი ჩატარდა როგორც თვით ინსტიტუტში, ასევე კონსერვატორიის დიდ დარბაზში.